ფერის მხატვრული გააზრების თავისებურებები ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიაში

ჩვეულებრივ, ყოველი მწერალი მიმართავს საგანთა ფერითი დახასიათების ხერხს. ზოგიერთი შემოქმედის ენა მდიდარია ფერის აღმნიშვნელი სახელებით. ხდება ისეც, რომ ფერთა პალიტრის სიძუნწე, მათი შერჩევითი გამოყენება მეტყველებს ამა თუ იმ ფერის საგანგებო ღირებულებაზე კონკრეტული მხატვრული სისტემის ფარგლებში. ამ მხრივ ყურადღებას იქცევს ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია.

თამარ ნუცუბიძის დაკვირვებით, „ნ.ბარათაშვილის ლექსებში საგანთა ფერითი მომენტის განსაზღვრება მინიმუმამდეა დაყვანილი... ნ.ბარათაშვილს არა აქვს გამოყენებული არც ერთი სპექტრული ფერი, გარდა ცისფერისა, და მხოლოდ „ბედი ქართლისას“ ცნობილ ლირიკულ გადახვევაში - „მორბის არაგვი, არაგვიანი“- პოეტი მიმართავს მწვანე ფერს“ (2, გვ. 52, 51). აშკარაა, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაში ცისფრის, უფრო ზუსტად კი - ლურჯი ფერის ფუნქცია განსაკუთრებით არსებითია, ხოლო ლექსში „ცისა ფერს“ ვლინდება პოეტის მსოფლაღქმის საგულისხმო ნიშან-თვისებები.

ლურჯი ფერი ლექსში არ უკავშირდება კონკრეტულ საგნებს, არ გამოიყენება ეპითეტის ჩვეულებრივი ფუნქციით. თუმცა ნაწარმოების ტექსტში გვხვდება ორი სინტაგმა - „ლურჯსა ცას“ და „ცა ლურჯი“, მაგრამ მათ სემანტიკაზე გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს პირველ სტროფში ლურჯი ფერისა და ცის ცნების განსაზღვრა. კერძოდ, „ლურჯი“ აქ დახასიათებულია, როგორც „პირველად ქმნილი“ ანუ სხვა ფერებზე უფრო ადრე შექმნილ ფერი. ამ კონტექსტში „ლურჯი“ აღიქმება, როგორც გვარეობრივი ფერი სხვა ფერების მიმართ.

შემდგომ, „პირველად ქმნილი“ ფერი უნდა მივიჩნიოთ ასევე „პირველად ქმნილი“ ცის ატრიბუტად. ბიბლიის მიხედვით, ამგვარი „ცა“ - ესაა უხილავი ზეციური სამყარო, ღმერთის სამყოფელი. შესაბამისად, ზემოდასახელებულ სინტაგმებში ფერის სახელი და ცის ცნება საგანგებო მნიშვნელობით აღიჭურვება.

ნიკოლოზ ბარათაშვილი ეპითეტის ფუნქციით იყენებს მხოლოდ ფერის სახელს - „ლაჟვარდი“- ხილული ცის ფერის აღსანიშნავად (ლექსებში „შემოღამება მთაწმინდაზედ“ და „ფიქრნი მტკვრის პირას“). მაშასადამე, ხილული და უხილავი ცა აქ განსხვავებულია ფერის მიხედვით: პირველი მათგანი „ლაჟვარდია“, მეორე - „ლურჯი“.

ხილული და უხილავი ცის გამიჯნვა თავს იჩენს „შემოღამებაშიც:

„ჰე, ცაო, ცაო, ხატება შენი ჯერ კიდევ გულზედ მაქვს დაჩნეული!...გულის-თქმა ჩემი შენს იქითა... ეძიებს სადგურს,ზენაართ სამყოფს, რომ დაშთოს აქ ამაოება...“

ბუნებრივია, ლურჯის, როგორც პირველად ქმნილი ფერის დახასიათება განაპირობებს ამ გამოთქმის უშუალო კორელაციას ბიბლიასთან. „დაბადებაში“ ვკითხულობთ:

„დასაბამად შექმნნა ღმერთმან ცაი და ქუეყანაი.ხოლო ქუეყანაი იყო უხილავ და განუმზადებელ და ბნელი1 ზედა უფსკრულთა“.

ფერთა სემანტიკურ ექსპლიკაციებში, რომელთაც ა.ვეჟბიცკა გვთავაზობს, ხაზგასმულია ლურჯის ის თვისება, რომ ესაა მუქი ფერი:

„X - ლურჯია.

ზოგიერთ მომენტში შეუძლებელია ძალზე ბევრის დანახვა.

როდესაც ადამიანები ხედავენ რაიმეს, რაც X-ის მსგავსია, მათ შეუძლიათ გაიფიქრონ ამგვარ მომენტებზე“.

აქვე მოვიყვანთ „მუქის“ განსაზღვრას:

„X- მუქია.

ზოგიერთ მომენტში ძალზე ცოტა რამ ჩანს.

როდესაც ადამიანები ხედავენ X-ის მსგავს საგნებს, მათ შეუძლიათ, გაიფიქრონ ამაზე“ (4; გვ. 259,249).

ვეჟბიცკასეული ექსპლიკაციები შეესაბამება „ლინგვა მენტალისს“ ანუ გონების, ცნობიერების სიღრმისეულ შრეებში ამა თუ იმ ფერის გააზრების არსს. ამდენად, ფერთა სემანტიკისა და მათი მხატვრული ფუნქციების ანალიზისას ამ ექსპლიკაციათა გათვალისწინება აუცილებელია.

აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ბარათაშვილთან „ლურჯი“ გვევლინება, როგორც სამყაროს დასაბამიერი მდგომარეობის აღმნიშვნელი სიტყვა და არა როგორც გარკვეული ფერის სახელი. მისი გამოყენება მოტივირებულია იმით, რომ ესაა მუქი, ბნელი ფერი.

შეიძლება ითქვას, რომ ბნელი, სიბნელე აქ წარმოადგენს ფერის არსსა და პირველსახეს. მისი სინონიმია „ლურჯი“, რომელიც ბარათაშვილის პოეტურ სისტემაში არასოდეს აღნიშნავს და არც შეიძლება, აღნიშნავდეს კონკრეტული საგნის ფერს.

ბნელი სამყარო, ბიბლიის მიხედვით, თვისებრივად განუსაზღვრელი იყო. ის მხოლოდ პოტენციურად გულისხმობდა დანაწევრებისა და კერძო ობიექტების შექმნის შესაძლებლობას. ამგვარი სიბნელე, ბნელი წარმოგვიდგება, როგორც ერთგვარი სუბსტანცია, რომლისგანაც ღმერთმა შემდგომ შექმნა კერძო საგნები. ლურჯის (როგორც „ბნელი“ ფერის) სუბსტანციურობას ნიკოლოზ ბარათაშვილთან ადასტურებს გამოთქმა: „შევერთო ლურჯსა ფერს“.

მაშასადამე, ლურჯი ფერი სიმბოლურად აღნიშნავს სამყაროს პირვანდელ, თვისებრივად განუსაზღვრელ მდგომარეობას. როგორც მხატვრული სახე, სიმბოლო მეტონიმიური ბუნებისაა: „სიმბოლოს გააჩნია ნაწილის მეშვეობით მთელის წარმოდგენის მეტონიმიური უნარი“ (2; გვ.25).

ფერის სახელების უპირატეს გამოყენებას სიმბოლური ფუნქციით განაპირობებს ვიზუალური აღქმის გარკვეული სპეციფიკა (აღქმის სხვა მოდალობებისგან განსხვავებით). სახელდობრ, „ჩვენ არ გვესმის საგნები, არამედ - ბგერები, მაშინ, როდესაც, მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ საგნებს და არა მხოლოდ ფერებს“ (7; გვ.114). მართლაც, ფერი და შესაბამისი საგანი იმთავითვე სინთეზურად აღიქმება, ამიტომ, თუმცა ადამიანს ძალუძს ფერის განყენება საგნებისგან, მაგრამ ამგვარი განყენება მეტონიმიური ხასიათისაა - ფერები კონკრეტული საგნებისგანაა განყენებული. მეორე მხრივ, აუდიალური აღქმისას ბგერები არ უკავშირდება გარკვეულ საგნებს და მხოლოდ გამოცდილების შემუშავების საფუძველზე ხორციელდება სმენითი სიგნალების დაკავშირება საგნებთან. აუდიალური აღქმის აღმნიშვნელი სიტყვები, ჩვეულებრივ, გამოიყენება მეტაფორული - და არა მეტონიმიური - ფუნქციით.

ლექსში „ცისა ფერს“ ლურჯი ფერის გააზრება ემყარება მეტონიმიზაციას (როგორც მენტალურ აქტს) ანუ განყენებას; როგორც მხატვრული სახე, „ლურჯი“ წარმოადგენს განსაზღვრულ სიმბოლოს.

ლურჯისა და ბნელის (როგორც სინონიმების) ამგვარი კონცეპტუალიზაცია თავს იჩენს ნიკოლოზ ბარათაშვილის მეორე შედევრშიც - „შემოღამება მთაწმინდაზედ“.

ამ ნაწარმოებში ვლინდება ის სტილური თავისებურება, რომელიც, ერთი შეხედვით, არატიპიურია რომანტიკული სტილისთვის - ბუნების მოვლენებს პოეტი მოიხსენიებს მრავლობით რიცხვში: „ცვარნი“, „ციაგნი“, „ადგილნი“, „ყვავილნი“, „ნაპრალთ“, „ნიავნი“, „ღელეთა“, „შემოგარენი“- და ამ გზით განზოგადებულად წარმოგვიდგენს მათ, კონკრეტული ნიშან-თვისებების მითითების გარეშე, როგორც ერთგვაროვანი საგნების სიმრავლეს. მათ მსგავსებასა ან განსხვავებაზე მსჯელობა შეუძლებელია. ზოგჯერ პოეტი იყენებს მხოლობით რიცხვსაც: „კლდევ ბუნდოვანო“, „მთავ ღრუბლიანო“. ეს ეპითეტები ფუნქციურად მრავლობითი რიცხვის ტოლფასია - მათი დანიშნულებაა ბუნების ობიექტების კონკრეტული აბრისის გამქრქალება. სინტაგმებში „ლამაზს ველსა“ და „ტურფას სერზედ“ შემფასებლური ეპითეტები ვერ წარმოაჩენს „ველისა“ და „სერის“ დამახასიათებელ კერძოობით ნიშნებს. ამიტომ სამყარო წარმოგვიდგება, როგორც ერთგვაროვანი და თვისებრივად განუსაზღვრელი რეალობა.

ამ ლექსის ანალიზისას გ. ასათიანი მსჯელობს „შეგნებულად გაბუნდოვანებული ფონის“ შესახებ (შ; გვ.150), მაგრამ აქ გაბუნდოვანებულია არა ფონი, არამედ - საგნები, რომლებიც ერწყმიან საერთო ფონს.

ბნელი (ან ლურჯი) ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაში სამგვარი მნიშვნელობისაა:

1. ფერების პირველსახე, მათი გვარი, როდესაც არ არსებობდნენ საგნები, მაგრამ არსებობდა ბნელი, როგორც ფერების არსი;

2. გარკვეული სუბსტანცია, რომელიც სამყაროს წარმოქმნის საფუძველია;

3. ბნელი, მუქი, ლურჯი ფერი უბრუნებს საგნებს პირვანდელ განზავებულობას სივრცეში,პოტენციური არსებობის სტატუსს.

როგორ აღიქმება ამგვარი სამყარო? შეიძლება თუ არა, საზოგადოდ, მისი აღქმა? აღქმა ხომ სხვა არაფერია, თუ არა „სხვისი წვდომა პლუს საკუთარი თავის შეცნობა, ამასთან, პირველი მათგანი მოცემულია დანაწევრებულად, მეორის თვისება კი განურჩეველი დენადობაა“ (5; გვ. 80) (ხაზგასმა ჩემია - თ.ლ.). „შემოღამებაში“ ასახული გარემო სწორედ დაუნაწევრებელია, ე.ი. გარკვეულად, „არააღქმადია“. პოეტი თითქოს ვერ ხედავს გარესამყაროს. მისი მზერა არ ჩერდება ცალკეულ საგნებზე და თუ ჩერდება, ვერ აღიქვამს მათ, როგორც სინამდვილის განსაზღვრულ ფრაგმენტებს.

ყოველივე ამის შედეგად წარმოიშობა სპეციფიკური ურთიერთმიმართება ლექსის ტექსტსა და მის შესაბამის რეალობას შორის.

თვისებრივად განუსაზღვრელი სამყარო არ შეიძლება წარმოადგენდეს დანაწევრებული ტექსტის ადექვატურ დენოტატს. ტექსტი განიცდის დენოტატისგან იზოლირებას. ის უპირისპირდება დენოტატს, როგორც დანაწევრებული - დიფუზურს; აქტუალიზებული - პოტენციურს; როგორც პირადი, ინდივიდუალური მოვლენა (მეტყველება)- ზოგადს და, ამიტომ, შეუცნობელს.

ამგვარი ტექსტი ემყარება მხოლოდ კომბინაციურ პრინციპს, რადგან თავისუფლდება საგანთა სამყაროსთან მიმართებისგან. შესაძლებელი ხდება ნებისმიერი ნიშნის ან კონცეპტის დაკავშირება ნებისმიერ სხვა ნიშანთან ან კონცეპტთან .ე.წ. „მომიჯნავეობის პრინციპის“ მიხედვით. საზოგადოდ, კომბინაციურობა, ანუ, რ. იაკობსონის ტერმინოლოგიით, „მეტონიმიური ღერძის“ გამოვლინებები ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეტური აზროვნებისა და მხატვრული ენის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია.

კომბინაციურობა აქ მჟღავნდება არა მარტო მეტონიმიური სახეების სიმრავლეში. ის თავს იჩენს პოეტური მეტყველების „დიალოგურობაშიც“, რომელსაც (ლოგიკურ პლანში განხილვისას) შეიძლება ვუწოდოთ პრედიკაციის თავისუფლება. ნიკოლოზ ბარათაშვილთან ხშირად ვხვდებით ერთი და იმავე მოვლენის ურთიერთსაპირისპირო ნიშნებით დახასიათების შემთხვევებს. კერძოდ, „შემოღამებაში“ ამ მხრივ საყურადღებოა ორი უკანასკნელი სტროფი:

„ამგვარი იყო მთაწმინდაზედ შემოღამება!ჰოი, ადგილნო, მახსოვს, მახსოვს, რასაც ვჰფიქრობდიმე თქვენდა შორის და ან რასაც აღმოვიტყოდი“!მხოლოდ სული გრძნობს, თუ ვითარი სძღვენით მას შვება.

ჰოი, საღამოვ, მყუდროვ, საამოვ, შენ დამშთი ჩემად სანუგეშებლად!პოს მჭმუნვარება შემომესევის, შენდა მოვილტვი განსაქარვებლად!მწუხრი გულისა - სევდა გულისა - ნუგეშსა ამას შენგან მიიღებს,რომ გათენდება დილა მზიანი და ყოველს ბინდსა ის განანათლებს!“

აქ პრედიკატი - შვების მინიჭების, ნუგეშისცემის უნარი - მიეწერება ბუნების ორ ურთიერთგანსხვავებულ მოვლენას („დილა მზიანი“, ე.ი. ნათელი, და ბინდი, საღამო, ჩვეულებრივ, გაიაზრება, როგორც ანტონიმები), რაც ლოგიკური შეუსაბამობის შთაბეჭდილებას ტოვებს.

თავისუფალ პრედიკაციას მიმართავს პოეტი აგრეთვე ლექსებში „ხმა იდუმალი“ და „ფიქრნი მტკვრის პირას“, აგრეთვე გარკვეულწილად - „მერანსა“ და პოემაში „ბედი ქართლისა“, რომელთა ანალიზზე ამჯერად არ შევჩერდებით. აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ სინამდვილისა და მისი ამსახველი პოეტური ტექსტების სპეციფიკური ურთიერთმიმართება გნსაზღვრავს ამ ტექსტების სტრუქტურირების ზემოაღნიშნულ პრინციპს.

ტექსტისგან „გაუცხოებული“ სამყარო თითქოს გაუცხოებული უნდა იყოს ლირიკული გმირისთვისაც, მაგრამ ეს ასე არაა. ნაწარმოების მიხედვით, ლირიკულ გმირსა და სამყაროს შორის ჰარმონიული ურთიერთშესაბამისობაა:

„მახსოვს იგი დრო, საამო დრო...“„ზოგჯერ ჩუმნი შემოგარენი ამით ჩემს გულსა ეთანხმებოდნენ“.„მხოლოდ სული გრძნობს, თუ ვითარი სძღვენით მას შვება...“

საქმე ისაა, რომ, გარესამყაროს მსგავსად, ლირიკული გმირის „მე“-ც თვისებრივად განუსაზღვრელია. კერძოდ, ნიკოლოზ ბარათაშვილის მთელ შემოქმედებას გასდევს იდუმალი, „ბნელი“*, „საკვირველი“ ორეულის თემა. ეს იმას ნიშნავს, რომ გმირის შინაგანი სამყაროც სტრუქტურირებულია კომბინაციური პრინციპის მიხედვით და მოიცავს ორ თვისებრივად განუსაზღვრელ „მე“-ს.

აქ, ისევე, როგორც ნიკოლოზ ბარათაშვილის მთელ შემოქმედებაში, გამოიხატება ავტორის - ტექსტის შემოქმედისა და ლირიკული გმირის „პოზიციათა“ ურთიერთგანსხვავებულობა. ავტორისთვის ტექსტი და მისი შესაბამისი რეალობა ურთიერთგამიჯნულია, ლირიკული გმირისთვის კი რეალობა მისი შინაგანი სამყაროს იდენტურია. ამჯერად, კიდევ ერთხელ, ვლინდება ბარათაშვილის - ავტორისა და მისი გმირის ურთიერთგაუცხოება, რაც ფიქსირდება მის სხვა ქმნილებებშიც.

ბოლოს, რაც შეეხება ალ.ჭავჭავაძის მიერ ნათარგმნი რუსული რომანსის „ფერსა ბნელს“ მიმართებას ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსთან „ცისა ფერს“; ვფიქრობთ, წინამდებარე ნაშრომი ააშკარავებს, რომ მსგავსება ამ ორ ნაწარმოებს შორის ამოიწურება წმინდა ფორმალური ნიშან-თვისებებით. „ორივე ლექსის საფუძველს შეადგენს ფერის პოეტური აპოლოგია, მაგრამ ა. ჭავჭავაძის ლექსში ეს თემა წმინდა სატრფიალო ლირიკის ამოცანებს ექვემდებარება“ (2; გვ.53), ხოლო ნიკოლოზ ბარათაშვილთან ლურჯი ფერის მხატვრული გააზრება სიმბოლური, მრავალშრეობრივი სემანტიკით გამოირჩევა.

ამგვარად, ფერის ფუნქციების პრობლემა ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაში გარკვეული სირთულით გამოირჩევა და უკავშირდება სხვა, მეტად არსებითი პრობლემის მთელ რიგს. ფერი აქ არ წარმოადგენს მხოლოდ მხატვრული ენის გარკვეულ კომპონენტს, არამედ - განსაზღვრავს „სამყაროს სურათის“ იმ სპეციფიკას, რომელიც დამახასიათებელია ნიკოლოზ ბარათაშვილის, როგორც განუმეორებელი შემოქმედებითი ხელწერის მქონე პოეტისთვის.

დამოწმებული ლიტერატურა:

1. გ. ასათიანი. „ვეფხისტყაოსნიდან“ „ბახტრიონამდე“, თბ., 1974.

2. თ. ნუცუბიძე. ფერის პოეტური ფუნქცია ქართველ და ინგლისელ რომანტიკოსთა შემოქმედებაში (შედარებითი ანალიზი). მაცნე, ენისა და ლიტერატურის სერია, თბ., 1980. №1.

3 Н. Д. Арутюнова. Вступ. статья к кн. „Теория метафоры“. М., 1990

4. А. Вежбицкая. Язык. Культура. Познание. М., 1997.

5. А. Р. Лосев. Философия имени. М., 1990.

6. Толковая Библия (или коментарий на все книги Св. Писания Ветхого и нового завета), т. 1, П- г, 1904-1907.

7. A. Wierzbicka. Lingua mentalis. Sydney. 1980.

Tamar LomidzeOriginality of Colour Interpretation in Nikoloz Baratashvili's Poetry

The investigation of colour interpretation in Nikoloz Baratashvili's poetry is very actual. Blue colour is synonym of „dark“. This colour is the main predicate for the world which gives an effect of estrangement between the author and the hero; it is the common tendency of the poet's creation.

_________________

1. „ბნელი გახლდათ იმ ნათლის არარსებობის ბუნებრივი შედეგი, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი დამოუკიდებელი სტიქიის სახით. ნათელი გამოიყო პირველადი ქაოსიდან მხოლოდ შემდგომ, სამყაროს შემოქმედის ერთკვირეული მოღვაწეობის პირველ დღეს“ (6; გვ.3). ამგვარად, პირველად ქმნილი ხილული და უხილავი სამყარო ანუ „ცაი და ქუეყანაი“ ბნელით იყო დაფარული. თვით ამქვეყნიური ნათლის შექმნის შემდეგაც ღმერთს გარემოიცავს ბნელი, ნისლი, წყვდიადი (იხ. მაგ., ფსალმ. XVII, 10,12; გამოსლვ. XXXIII, 9-10; II ნეშტთა VI, I), რასაც შემდგომ პატრისტიკა „ნათელ წყვდიადს“ უწოდებს. უხილავობა ანუ „სიბნელე“ წარმოადგენს „ზენაართ სამყოფი“ ცის ატრიბუტს.

*„სულო ბოროტოს“ თითქოს შევყავართ პოეტის სულის ყველაზე ღრმა, იდუმალებითა და წყვდიადით მოცულ სიღრმეებში“- შენიშნავს გ. ასათიანი (I; გვ. 168).            

თამარ ლომიძე

 

გაზიარება:

კომენტარები: